ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა მის მართვაში
26 დეკემბერი, 2011 წ.


ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი 23 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას 22 დეპუტატიდან მხოლოდ 12 ესწრებოდა, რომლებმაც ბიუჯეტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.



 



ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობა განსაზღვრულია 6 664 500 ლარით, რომელიც შედგება გათანაბრებითი ტრანსფერით - 4 464 500 ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 200 000 ლარი, ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლებით - 1 999 000 ლარი და არაფინანსური აქტივების კლება - 10 000 ლარი.



 



ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა და არაფინანსური აქტივების ზრდა ასევე განსაზღვრულია 6 664 500 ლარით. ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: შრომითი ანაზღაურება - 1 210 350 ლარი, საქონელი და მომსახურება - 1 627 319 ლარი, სუბსიდიები - 1 117 031 ლარი, გრანტები - 2 300 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფა - 317 500 ლარი, სხვა ხარჯები - 72 300 ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა - 20 000 ლარი.



 



რაც შეეხება სხვა საკითხებს, თავდაცვის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 109 171 ლარი (2011 წელი - 95,3 ათასი ლარი), საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე - 358 500 ლარი (2011 წელი - 393,6 ათასი ლარი), გარემოს დაცვაზე - 439 300 ლარი (2011 წელი - 1 109,5 ათასი ლარი), საბინაო კომუნალურ მეურნეობაზე - 411 200 ლარი (2011 წელი - 1 020,5 ათასი ლარი), ჯანმრთელობის დაცვაზე - 94 400 ლარი (2011 წელი - 87,5 ათასი ლარი), დასვენება, კულტურა, რელიგიაზე - 636 639 ათასი ლარი (2011 წელი - 926,5 ათასი ლარი), განათლებაზე - 631 642 ლარი(2011 წელი - 657,5 ათასი ლარი), სოციალურ დაცვაზე - 223 100 ლარი(2011 წელი - 274,4  ათასი ლარი).



 



2012 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის მოცულობაა 223 100 ლარი, რომელიც სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი.



 



ჩვენ დავინტერესდით რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ, თუმცა ჩვენი რესპონდენტებიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც რამე იცოდა მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ, ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მათ ამ საკითხზე არაფერი სმენიათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა ბიუჯეტზე საუბრის ნაცვლად, ყოფით პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას.



 



ტატიანა ტყემალაძე: „ბიუჯეტზე არაფერი გამიგია, ისიც არ ვიცი საერთოდ რა დანიშნულება აქვს მაგას მოსახლეობისთვის, მე არც საჯარო განხილვას დავსწრებივარ და არც ის მგონია, რომ საერთოდ ჩატარებულიყო სადმე. უამრავი პრობლემა გვაქვს რიგით ადამიანებს, ბევრი რამის კეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არაფრის საშუალებას გვაძლევს, ძალიან უჭირს ხალხს, ერთეულებისთვისაა ყველაფერი ხელმისაწვდომი - მეც მინდა კარგად ვიცხოვრო, ვიმუშაო და ოჯახი ისე შევინახო, მაგრამ სად არის ეგ ბედნიერება. ბაზარში შესვლაც აღარ მინდა, პროდუქტების ფასებმა კატასტროფულად აიწია - ფქვილი, შაქარი და ა.შ რაც ყოველდღე გვჭირდება გაძვირდა, შემოსავალი არ გვაქვს და ესენი რით ვიყიდოთ.“



 



ნაზი გელაშვილი: „არაფერი გამიგია მაგ საკითხზე, პირველად მესმის თქვენგან. სიმართლე, რომ გითხრათ საშუალება, რომც მოეცათ ბიუჯეტის შედგენის პროცესში მაინც არ ჩავერთობოდი, რადგან აზრი არ აქვს, ჩვენ ვინ რას გვაკითხებს, მაინც თვითონ ჩაწერენ იმას რაც უნდათ.“



 



გიორგი ხ.: „ჩვენ საერთოდ ვინ რას გვაკითხებს, არც ვიცი არაფერი არც 2012 წლის ბიუჯეტზე და არც 2011 წლისაზე გამიგია რამე, არ მივიღებ ზუსტად ვიცი მონაწილეობას, რომც მომცენ საშუალება, რადგან რაღაც, რომ გააკეთო პირველ რიგში უნდა გწამდეს იმისა, რასაც აკეთებ და მე არც მაგათი მჯერავს რამე და არც მათი შედგენილი ბიუჯეტის. მე ხაშურიდან არ ვარ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს - ყველგან ერთნაირი ვითარებაა. ჯერ მარტო სოფლის პროგრამებზე რა გააკეთეს, სოფელ რუისში ვცხოვრობ და ხალხს რომ ჰკითხოთ სოფელში ამ პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გიპასუხებთ, რადგან არ იციან, თვითონ ხელმძღვანელობამ რაც ჩათვალა საჭიროდ ის გაკეთდა, გასულ წელს ვითომ ტექნიკა შემოიტანეს სოფლისთვის, მაგრამ ის არც ერთ მოსახლეს გამოუყენებია, თვითონ სარგებლობენ თავიანთი შემოტანილი ტექნიკით და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს, იტყვი რამეს და რაც მოყვება ამას ყველამ კარგად იცის, უძაღლო ქვეყანაში, რომ კატებს აყეფებდნენ ესეა ჩვენი საქმეც, რამე ზედმეტის თქმას გაბედავ და ციხეში დაგიჭერენ, ამიტომ ზედმეტ თავის ტკივილს ყველა ერიდება და ამიტომ გაჩუმებულა ხალხი.“



 



ზურაბ ტყემალაძე: „რაზე მელაპარაკებით საერთოდ აზრზე არ ვარ, რა 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში უნდა მივიღო მონაწილეობა, წინა წლების ბიუჯეტი ხომ სულ ჩვენ დაგვაგეგმვინეს, თვითონ წერენ მაგას და თვითონვე ხარჯავენ რაშიც უნდათ, მე ამ ქვეყნად აღარაფრის მჯერა, სამწუხაროდ ყველა ძალიან მოგვატყუეს, ახლა ბევრს აღარც ვფიქრობ, პენსიონერი კაცი ვარ და სანახევროდ საიქიოში მიდგია ფეხი.“



 



ნინელი: „ბიუჯეტზე საუბარს, მირჩევნია სხვა რაღაცეებზე გელაპარაკოთ. რაც უფრო მეტად გვაწუხებს მოსახლეობას იმაზე შემიძლია გიპასუხოთ, თორემ ბიუჯეტი რა ჩვენი საქმეა, მთავრობა აგვარებს მაგ საქმეს ან კარგად ან ცუდად, მე მაგაზე საუბარს არ დავიწყებ, ისედაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი. გაჭირვებაში ვცხოვრობ, ყოველდღე იმის ფიქრში ვარ საჭმელი რა გავაკეთო, შვილებს რა ვაჭამო. შემოსავალი არსაიდან გვაქვს, სამსახურს გულითაც, რომ გინდოდეს მაინც ვერსად იშოვი. ასეთ ცხოვრებაზე ოცნებობდა ქართველი ხალხი, რომ ბოლოს სიღარიბესა და შიმშილში გაეტარებინა ყოველი დღე?! გაწამებულია ხალხი, ქუჩას გადახედეთ და მიხვდებით ისედაც, ერთი ადამიანის სახეზეც ვერ დაინახავთ ღიმილს, ან რა აქვთ გასაცინი, თუ რამდენიმე ადამიანს არ ჩავთვლით. ხაშური ცენტრალურ ხელისუფლებას საერთოდ არ ახსენდება და არც ადგილობრივი მთავრომა იკლავს ხალხზე ფიქრით თავს.“



 



ილია ჩადუნელი: „პირველად მესმის თქვენგან მსგავსი რამ, საერთოდ არაფერი ვიცი 2012 წლის ბიუჯეტზე, საშუალება, რომ მომცენ სიამოვნებით ჩავერთობოდი დაგეგმვის პროცესში და საკუთარ ინიციატივებსაც მივაშველებდი მთავრობას, მაგრამ ჩვენ მაგის უფლებას ვინ მოგვცემს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა მის მართვაში.“ჩვენ, 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ლომიძესთან ვცადეთ გასაუბრება, თუმცა ჩვენი ხაშურის ადმინისტრაციულ შენობაში მისვლისას იგი სამსახურში არ იმყოფებოდა, ჩვენ მას რამდენჯერმე ტელეფონითაც დავუკავშირდით, მაგრამ დავით ლომიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ მისი მოადგილისგან როსტომ გრიგალაშვილისგან შევეცადეთ  მიგვეღო ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, თუმცა მან გასაუბრებაზე კატეგორიული უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხებდა, მიზეზად კი შეუძლოდ ყოფნა დაასახელა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მარინა ქათამაძეს დაავალა ჩვენთვის „მიეხედა“, ამის შემდეგ ქალბატონი მარინა გაგვესაუბრა თუ როგორ წარიმართა ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების პროცესი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მისი განცხადებით ბიუჯეტის პროექტის შედგენის მიმდინარეობაში ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, ბიუჯეტის დამტკიცებამდე კი, იგი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. მარინა ქათამაძის ინფორმაციით, საჯარო განხილვას დაახლოებით 25 ადამიანი ესწრებოდა.



 



რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, 23 დეკემბრის საკრებულოს სხდომას 5 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ 2 დეპუტატი სულიკო მურჯიკნელი და გიორგი მელიქიძე ესწრებოდა, ორივე მათგანმა მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ჩვენ  გიორგი მელიქიძეს, რომელიც „მრეწველების“ წევრია ტელეფონით დაუკავშირდა, იგი ჩვენთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მას ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი მოსწონს და ამიტომ დაუჭირა მას მხარი კენჭისყრაზე, მელიქიძის განცხადებით მას მიუჯეტის მიმართ შენიშვნები არ აქვს, რადგან როგორც თავად თქვა, ის დაიგეგმა ისე, რა ფინანსური შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს აქვს.



 



გიორგი მელიქიძე: „მე შენიშვნები არ მქონდა 2012 წლის ბიუჯეტის მიმართ, კენჭისყრაზე მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დავუჭირე, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ისეა დაგეგმილი რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა. ჩვენც ვიღებდით მის შედგენაში მონაწილეობას, ასე რომ ის დაიგეგმა ისე, რის საშუალებაც იყო.“



 



საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „ოპოზიციური გაერთიანების“ წევრი ალექსანდრე ჩაჩანიძე, ჩვენთან საუბრისას  ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ნორმალურადაა შედგენილი, თუმცა მის დეტალურად შეფასებაზე თავის შეკავება არჩია იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტი სრულად არ აქვს წაკითხული.



 



ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2012 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.აქვე გვინდა ისიც ავღნიშნოთ, სურვილი გვქონდა დავსწრებოდით 23 დეკემბრის საკრებულოს სხდომას, რომელზეც როგორც უკვე აღვნიშნეთ ბიუჯეტის დამტკიცება მოხდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან გაგვეგო სხდომის დაწყების ზუსტი დრო _ სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომის დაწყებიდან ნახევარი საათით ადრე დაგვირეკა და გვითხრა, რომ სხდომა დილის 11 საათზე იწყებოდა. რა  თქმა უნდა, ჩვენ გორიდან ხაშურში ჩასვლას ამ დროში ვერ შევძლებდით, ჩვენი საკრებულოს შენობაში მისვლის დროს საკრებულოს დარბაზი დაკეტილი დაგვხვდა, სხდომა კი დასრულებული...



შორენა ხაბალაშვილი

 


ბეჭდვა