2014 წლის ბიუჯეტში მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება იზრდება
15 ოქტომბერი, 2013 წ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ზრდასთან ერთად სოციალური გარანტიების მოწესრიგება იგეგმება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მიღწეული შეთანხმებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე იმუშავებს.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მოსამართლეებს, სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც იუსტიციის საბჭოში მომუშავე თანამშრომლებს ჰქონდეთ შრომის ღირსეული ანაზღაურება, რაც მნიშვნელოვნად გაამყარებს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს შევთანხმდით, რომ უკვე კონკრეტულ მაჩვენებლებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე 2014 წლის ბიუჯეტში აისახება როგორც მოსამართლეების, ისე აპარატის თანამშრომლების ხელფასების მნიშნელოვანი ზრდა", - განაცხადა ხადურმა.

ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან ერთად ასევე, სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც მოხდება.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ეს იყო ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის გაგრძელება, სადაც საუბარი გვქონდა მოსამართლეთა ხელფასების ზრდასა და სოციალური გარანტიების საკითხებზე. დღეს ფინანსთა მინისტრთან ერთად კონკრეტულად ვისაუბრეთ დეტალებზე. მივიღეთ დაპირება თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ეს ეხება როგორც მოსამართლეთა ხელფასებს, ასევე სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს," - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ინიციატივა მოსამართლეთა ხელფასების მოწესრიგების შესახებ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. როგორც ხადურის უწყებაში აცხადებენ, პრემიერის დავალებით დაიწყო მუშაობა ფინანსთა სამინისტრომ სასამართლო სისტემაში შრომის ანაზღაურების მოწესრიგების საკითხებზე.


http://pirweli.com.ge/
ბეჭდვა