"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო კრებაში შემავალ ორ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს.
ამის შესახებ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გასული წლის 21-26 მაისს განვითარებული მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"26 მაისს ადამიანები ერთი იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მწირი რესურსები გვქონდა. 26 მაისს ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენზე შეტევა იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ გასაქცევს მაინც დაგვიტოვებდნენ. ყველაზე რადიკალი მაშინ მე ვიყავი და ვაცხადებდი, რომ თუ ხალხს დაშლისკენ მოვუწოდებთ, მე "სახალხო კრებიდან" მივდივარ-მეთქი. აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ერთმანეთისადმი უდიდესი რწმენა გვაქვს, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ვერავითარი საშუალება და გარიგება ვერ დაგვაცილებს. რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, ახალი პოლიტიკური რეალობა არ იქნებოდა, გამოჩნდა ადამიანი, ვისაც აქვს რეიტინგი, ჩვენ მისადმი თავიდანვე დადებითი განწყობა გამოვხატეთ და ეს შენარჩუნებული იქნება. მინდა, "სახალხო კრებაში" შემავალი ორი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და თემურ შაშიაშვილს მივმართო, ეს შეიძლება, იყოს თხოვნაც და მოთხოვნაც, რომ იფიქრონ კონსულტაციებზე საარჩევნოდ ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
www.pirveli.com.ge