"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ინტენსიურად არიან კოჰაბიტაციაში შესული, რომ ბურჯანაძის გამარჯვება არ დაუშვან"
27 სექტემბერი, 2013 წ.
ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, მათ შორის არჩევნების დღეს, დაგვეხმარება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და გაყალბების მცდელობების თავიდან აცილებაში, რადგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ინტენსიურად არიან კოჰაბიტაციაში შესული იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბურჯანაძის გამარჯვება არ დაუშვან", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავად სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია, რადგან თავისუფალი საეთერო დროით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.

"როდესაც პრაქტიკულად პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს აქვს თავისუფალი საეთერო დრო ჩემს გარდა, აბსოლუტურად ვრწმუნდები, რომ ეს ჩემი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის ხდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის აზრით, საეთერო დროის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატთან მიმართებაში არ უნდა აწესებდეს შეზღუდვებს.

http://www.pirweli.com.ge/
ბეჭდვა