ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, საკობიანოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გენადი თანდილაშვილმა მოსახლეობას 5 – 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთი დაურიგა.
როგორც საკობიანოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ზეთის გადაცემის პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სპარტაკ კოჭლაშვილიც ესწრებოდა.
„ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსის ზაქარია ქინქლაძის განცხადებით, სოფელში დარიგებამდე, პროდუქტი, რამდენიმე დღის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ინახებოდა. „ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამგვარმა ფაქტებმა ბოლო რამდენიმე დღეა ახმეტის რაიონში მასობრივი ხასიათი მიიღო. სოფლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან გამოყოფილ ფულსაც არიგებენ, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით“, - აღნიშნავს ქინქლაძე.
ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბში. გენადი თანდილაშვილმა და სპარტაკ კოჭლაშვილმა კომენტარი არ გააკეთეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით, მსესუმზირის ზეთის შეძენა საბიუჯეტო თანხებით არ მომხდარა. „არვიცი სად რა დაარიგეს, მაგრამ გამგეობას ზეთი არ უყიდია“, - განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.
ICK.ge
27.05.2010